ადიგენში დაწყებული აგრო წარმოების დეტალები - თბილისელი ბიჭის საქმიანობა სოფელში | Allnews.Ge

ადიგენში დაწყებული აგრო წარმოების დეტალები - თბილისელი ბიჭის საქმიანობა სოფელში

2 წელზე მეტია, რაც ბაჩო (ავთანდილ) ბალახაშვილმა ახალციხეში, ადიგენის რაიონში აგრო მეწარმეობა დაიწყო.

ბაჩო ბალახაშვილს 2 ჰექტარ მიწაზე კარტოფილი, გოგრა და ხახვი მოყავს. პროდუქციის ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა იძენს, ნაწილი კი თბილისში რეალიზდება.

ბაჩო ბალახაშვილი ამჟამად "ჯიპას" მაგისტრატურის სტუდენტია, თუმცა, სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებასა და საქართველოს ბაზრის მაქსიმალურ ათვისებას გეგმავს. წარმოების დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე ავთო ბალახაშვილი Allnews.ge-ს ესაუბრა:

"ჩვენი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, რომ ეროვნული ვალუტა მყარი იყოს"

წარმოების საწყისი ეტაპი: "ახალციხეში, ადიგენის რაიონში, სოფელი მაქვს. მესამე წელია რაც ეს საქმიანობა დავიწყე. დავიწყე იმიტომ, რომ ბაბუა და ბებია გარდამეცვალა და ბაბუას მიწები უპატრონოდ დარჩა. ვიღაცას უნდა მიეხედა. მე თბილისში გავიზარდე. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ სოფლის მეურნეობა საინტერესო კუთხით დავინახე. საქართველოს არ აქვს ე.წ. დოვლათი. მოსახლეობამ რაღაც ისეთი უნდა შევქმნათ, რომ საქართველოში უცხოური პროდუქტი არ შემოვიდეს. ჩვენი პროდუქტი ვაწარმოოთ, რომ ეროვნული ვალუტა მყარი იყოს. ამისთვის ჩვენ კონკრეტული პროდუქტი გვჭირდება. ქარხნები არ გვაქვს, არაფერი გვაქვს და მინდოდა ქვეყნის განვითარებაში პატარა წვლილი შემეტანა. სხვათაშორის, საკმაოდ სარფიანი საქმიანობაა. დავიწყე კარტოფილის მოყვანით, მერე გოგრა დავამატე და შემდეგ - ხახვი".

აგროწარმოება და საწყისი კაპიტალი: "თავიდან ოჯახი დამიდგა გვერდით. დაახლოებით 5 000 ლარამდე დამჭირდა. პირველ წელს ცოტა მოსავალი მქონდა. აღებული ფულით მიწები დავამატე. შემოსული ფულის რაღაც ნაწილს აუცილებლად ვინახავ საჭიროებისთვის. ამჟამად, დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწა მაქვს დამუშავებული. მინდა გავაფართოვო და უფრო მეტი ხალხი დავასაქმო. სეზონზე დაახლოებით, 20 ადამიანს ვასაქმებ. კარტოფილი ყველაზე გასავლიანია იმიტომ, რომ ამ პროდუქტს სეზონი არ აქვს".

რეალიზაცია: "კარტოფილს ადგილობრივები იღებენ და თავად უწევენ რალიზაციას, თბილისშიც იყიდება. მისი რეალიზაცია არ ჭირს, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ პროდუქტზე. კარტოფილი ჩვენთან შემოდის ბრაზილიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი და საშუალება, რომ იმპორტი შევამციროთ."

კარტოფილის მოვლა: "იმდენი დაავადება შემოდის, იმდენი ჭიაა გავრცელებული, რომ თუ კარტოფილი სპეციალურად არ დაამუშავე, უხარისხო და ცოტა მოსავალი მოდის. რაც შენს ნაწვალებს წყალში ყრის. პესტიციდები კარტოფილისთვის აუცილებელია, მაგალითად, ფოსფორი და კალიუმი. ისინი აუცილებლად უნდა შეიტანო, რადგან კარტოფილს ხელს უწყობს გაზრდაში, განვითარებაში. მიწის ანალიზს ვაკეთებთ და რაც მიწას არ აქვს, ის ჩვენ თვითონ შეგვაქვს, რომ მოსავალი კარგი იყოს".

სამომავლო გეგმები: " ხილის მეურნეობაში არსებული პროექტებით დავინტერესდი, სადაც სახელმწიფო ეხმარება მეწარმეს. ვაშლის ბაღების გაშენებას ვაპირებ. რაც შეეხება კარტოფილს, აუცილებლად უნდა დავბრენდო კარტოფილი და უნდა შევქმნა კარტოფილზე მიბმული პროდუქცია. მაგალითად, დაჭრილი კარტოფილი. ჩემი კარტოფილი იქნება დაფასოებული, ექნება კონკრეტიული სახელი და ავითვისებ მთელი საქართველოს ბაზარს. პირველ რიგში, იქნება თბილისის ბაზარი, მერე რეგიონები".

თამარ კორკოტაშვილი

"ეკობიჭი" უკანაფშავიდან, რომელიც სოფელში მოყვანილ პროდუქციას Facebook-ით ყიდის

myquiz