როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად? - რჩევები მათ, ვისაც ფულის დაზოგვა სურს | Allnews.Ge

როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად? - რჩევები მათ, ვისაც ფულის დაზოგვა სურს

საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ფინანსური პრობლემები აქვს. სერიოზული თუ არა მცირედი მაინც. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით, 12.4%-ია. ამასთან, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხი აქვს აღებული, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ფარავს.

რა უნდა გავაკეთოთ და რა უნარ-ჩვევენია საჭირო იმისათვის, რომ ვალი თავიდან ავირიდოთ, ფული დავზოგოთ და საკუთარი ბიუჯეტის ეფექტურად მართვა შევძლოთ.

ამის შესახებ ALLNEWS.GE-ს გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის წარმომადგენელი, სალომე მოისწრაფიშვილი ესაუბრა:

"ფულის დაზოგვა ეს არის ჩვევა, რომელიც სასურველია გამოვიმუშაოთ ბავშვობიდანვე. დავიწყოთ ყულაბაში ხურდა ფულის შეგროვება, საბავშვო ანაბარზე თანხის განთავსება და ა.შ. თავისთავად, შეგვიძლია ფული კონკრეტული მიზნის გარეშეც დავზოგოთ, თუმცა, უფრო მარტივია დავისახოთ მიზანი, მაგალითად, შვილის სწავლა-განათლებისთვის, ან საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად და შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად დავიწყოთ დაგროვება.

ბავშვებისთვისაც მარტივი გასაგები იქნება, თუკი პატარაობიდანვე ავუხსნით, რომ სასურველი ნივთის შესაძენად საჭიროა თანხა და ამ ნივთისთვის მან პერიოდულად ყულაბაში ხურდა ფული უნდა ჩაყაროს. ფულის დასაზოგად აუცილებელია სწორი დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯების სისტემატიური აღრიცხვა. ეს ყველაფერი ფინანსური განათლების ნაწილია და უკავშირდება ზოგადად ფულთან ურთიერთობას".

- რა რჩევებს მისცემთ ადამიანს იმისათვის, რომ მან ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა ისწავლოს?

- ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა, მოგცემთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის სურათს. ზუსტად გეცოდინებათ, რამდენი გაქვთ შემოსავალი და შესაბამისად, გეცოდინებათ რამდენის დახარჯვის უფლება შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს.

ჭარბვალიანობა (როდესაც აღებული გვაქვს ერთდროულად იმაზე მეტი სესხი, ვიდრე შეგვიძლია დავფაროთ) სერიოზული პრობლემაა ბევრ ქვეყანაში და საკუთარი ფინანსური რესურსების არასწორად განკარგვის შედეგიცაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი გვაქვს შემოსავალი და ხარჯი, რათა არ ავიღოთ იმაზე მეტი ფინანსური ვალდებულება, რის გასტუმრებასაც ვერ შევძლებთ. სასურველია, ყოველთვიურად ჩავინიშნოთ შემოსავალი, გამოვაკლოთ მას ხარჯები (ყოველთვიური ხარჯი და გაუთვალისწინებელი ხარჯი) და ვიცოდეთ, რა თანხა არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

ასეთი აღრიცხვის შედეგად გვეცოდინება გვაქვს თუ არა სესხის აღების საშუალება, ან შეგვიძლია თუ არა ეს თანხა დავზოგოთ რაიმე ვადით. ბიუჯეტის დაგეგმვა ასევე დაგვეხმარება წინასწარ გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ სამომავლო ხარჯებისთვის (მაგ. დაბადების დღე ან მეგობრის ქორწილი).

- რა არის ყველაზე ეფექტური ხერხი ფულის შენახვისთვის? (ანაბარი, ინვესტიცია, და სხვა)

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია ფულის შენახვის ჩვევა. ამ ჩვევის გამომუშავების შემდეგ შეგვიძლია სხვადასხვა ხერხი ავირჩიოთ ფულის შესანახად. სასურველია, რომ თანხა ანაბარზე გვქონდეს განთავსებული. ასეთ შემთხვევაში ფული დაცულია და მას სარგებელიც ერიცხება. არსებობს სხვადასხვა სახის ანაბარი. შეგვიძლია თანხა პერიოდულად დავაგროვოთ, ან ერთიანად განვათავსოთ ანაბარზე. შეიძლება შეგროვებული თანხის ინვესტირებაც, თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ავწონ-დავწონოთ ამ ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკი. შეგვიძლია დავაგროვოთ ყულაბაში, შეგვიძლია დავაგროვოთ თანხა "52 კვირის პრინციპით", რაც გულისხმობს თანხის დაგროვებას კვირის რიგითი ნომრის მიხედვით. შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნომინალები დავაგროვოთ, მაგალითად, მხოლოდ 1-ლარიანი მონეტები, ან მხოლოდ 5-ლარიანი ბანკნოტები.

მთავარია, ასეთი ჩვევის გამომუშავება, დაზოგვის ხერხები ძალიან მრავალფეროვანია.

- რამდენად შესაძლებელია საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ადამიანმა დაზოგოს ფული?

- ფულის დაზოგვის ჩვევა და ფულის შეგროვება არ არის დაკავშირებული შემოსავლის რაოდენობასთან, შესაბამისად, საქართველოს რეალობიდან გამომდინარეც შეუძლია ადამიანს დაზოგოს. "მსოფლიო დაზოგვის დღის" ისტორიას თუ გავეცნობით, ვნახავთ, რომ ფულის დაზოგვის მთავარი მიზეზი ევროპაში სწორედ რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო, როდესაც მოსახლეობას მომჭირნეობისკენ მოუწოდებდნენ მათი ფინანსური მგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 59% პასუხობს, რომ შემოსავლების გაორმაგების შემთხვევაშიც კი ვერ მოახერხებს ფულის დაზოგვას. თბილისის მაცხოვრებელთა 35% ამბობს, რომ რაც უფრო მეტი აქვთ შემოსავალი, მით მეტის გამომუშავების სურვილი უჩნდებათ, ხოლო 22%-ს ურჩევნია, რომ ფული დღესვე დახარჯოს, ვინაიდან არ იცის რა იქნება ხვალ, 18% კი აღიარებს, რომ უბრალოდ უყვართ ფულის ხარჯვის პროცესი.

ფულის დაზოგვა რეკომენდირებულია სწორედ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და ე.წ. "შავი დღისთვის" და რაც უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მით უფროა დაზოგვა რეკომენდირებული, რომ მოსახლეობა გაუმკლავდეს "მოულოდნელ" ფინანსურ პრობლემებს. როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ჩვევა და მცირე თანხებითაც შესაძლებელია ამ ჩვევის გამომუშავება.

- არის თუ არა ფულის ხარჯვა მეტწილად მენტალიტეტზე დამოკიდებული?

- ფულის ხარჯვა უფრო დამოკიდებულია ჩვენს ფინანსურ განათლებაზე. ამ შემთხვევაში ფინანსურ განათლებაში იგულისხმება არა საბანკო საქმის ცოდნა, არამედ საკუთარი ბიუჯეტის აღრიცხვა, დაზოგვის კულტურის გამომუშავება, სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების ცოდნა და მათი სწორად გამოყენება, ფინანსურ დაწესებულებასთან ურთიერთობა და საკუთარი უფლებების ცოდნა, რისკების გაცნობიერება და საბოლოო ჯამში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მიმართული იქნება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

თუკი ადამიანი ფინანსურად განათლებულია, იგულისხმება, რომ ის ფლობს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევებს, მისი ხარჯვითი ქცევაც სხვანაირია. ასეთი ადამიანი უკეთ განკარგავს საკუთარ ფულს. ასე რომ მენტალიტეტი არაა მთავარი მიზეზი. ეს პროცესი, სასურველია, დაიწყოს ბაღის ასაკიდან და ასევე ისწავლებოდეს სკოლებშიც.

სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მსგავსი გამოცდილება.

თამთა ჯიჯავაძე

2016 წლის ფინანსური რჩევები - როგორ დავზოგოთ ფული?

myquiz