ხის ნივთები და ქართული ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდებმა შექმნეს | Allnews.Ge

ხის ნივთები და ქართული ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდებმა შექმნეს

"ვფიქრობ, ეს პატარა ისტორია მხოლოდ იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ იცოდეთ, შეუძლებელი არაფერია! როდესაც მე და ქეთის, ჩემს მეგობარს, ხის ნაკეთობებზე მუშაობის იდეა გაგვიჩნდა, არც საწყისი თანხა გვქონდა და არც ამ საქმისთვის საკმარისი თავისუფალი დრო. ფაქტობრივად, ყველაფერი იდეით დაიწყო! " - ამბობს კომპანია "პამაქელას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორი მარიამ შენგელია. "პამაქელა", "პოპულუსი", "ბეგელსი", Bros Eyewear-ი, L Wood-ი - ეს იმ ქართული კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ხის გამოყენებით, სხვადასხვა უნიკალურ პროდუქტს ამზადებენ.

"პამაქელა" მცირე ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ახალგაზრდა წყვილებისგან შემდგარი ორი ოჯახი მართავს. კომპანია 2014 წლის 15 აპრილს შეიქმნა. საწყისი კაპიტალი პირადი სახსრებით თავმოყრილი 300 ლარი იყო. სამომავლოდ, "პამაქელა" გაფართოებას და თანამშრომლების დამატებასაც გეგმავს. კომპანიაში ხის საახალწლო ნაძვის ხეები, ჩარჩოები, სახაზავები და საათები მზადდება. ზაფხულისთვის "პამაქელა" ხისგან დამზადებული სამკაულების გამოშვებასაც აპირებს.

ხის ნაძვის ხეები კომპანიამ მომხმარებელს, პირველად, საახალწლოდ შესთავაზა, ხის სახაზავების წაარმოების ინსპირაცია კი 80-90-იან წლების სახაზავები და მათი ნოსტალგია გახდა. მათი სახაზავის მთავარი დატვირთვა ბავშვის ზრდის აღრიცხვაა.

ხის საათებს კომპანია წიფლის, კაკლის, ბზისა და სხვა ხეებისგან ამზადებს. მასალას საქართველოს რეგიონებში ნარჩენების სახით იძენენ: "ყველა საათი ინდივიდუალური და ორიგინალურია. ამჟამად გვაქვს სხვადასხვა ხისგან დამაზდებული საათები, ძალიან მალე კი ჩვენს მომხმარებელს მოხატულ საათებს შევთავაზებთ. საათების ფასები 40 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს. მექანიზმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიძენთ. რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მექანიზმების იმპორტს ვახორციელებთ. ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული", - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლაშა ჩახავა.

"ბეგელსი" (Begels) - ხის ჩანთების წარმოების იდეა ქეთი უბილავასა და ნათია მგელაძეს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. გოგონებმა ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ, ჩანთებს ახალი, ინოვაციური - ნათების ფუნქცია დაემატა. სამომავლო პერსპექტივაში სტარტაპის ავტორები მამაკაცების სეგმენტის ათვისებასაც გეგმავენ.

სტუდენტი გოგონები ჩანთებს ლაბორატორია FabLab-ში ამზადებენ, პარალელურად, აქტიურად იყენებენ ტექნოპარკის სივრცესაც.

"ის, რაც ჩვენს ჩანთებს სხვა ჩანთებისგან განასხვავებს, არის მასალების კომბინაცია, ნატურალური ხე და ნატურალური ტყავი (ასევე ვიყენებთ ტყავის შემცვლელს). მნიშვნელოვანი ფაქტორია გრავირებაც. გარდა ამისა, ჩანთებს დავამატეთ ახალი, ინოვაციური ფუნქცია - განათება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ღამე ჩანთაში იპოვოს საჭირო ნივთი" - აღნიშნავენ "ბეგელსში".

ქეთი უბილავა და ნათია მგელაძე სამომავლოდ, ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ: "ჩვენი საქმიანობა უკვე მცირე ბიზნესია და ვგეგმავთ, უფრო დიდ ბიზნესად ვაქციოთ. გვინდა გავფართოვდეთ, მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩანთების დიზაინში, ასევე ვაპირებთ უფრო მასშტაბურად ვაწარმოოთ მანათობელი ჩანთები, გავიტანოთ ექსპორტზე და, რაც მთავარია, გვქონდეს საკუთარი საწარმო და მაღაზია".

"პოპულუსი" - ქართველმა სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ, ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი შექმნეს, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ჩანთები ხის, თექის, მაქმანისა და ეროვნული - ხევსურული ნაქარგების კომბინაციისგან შედგება. ჩანთების წარმოებაზე ამჟამად სამი ახალგაზრდა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის სტუდენტები თინა ოსაძე, მარიამ სიორდია და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი - დავით ვაზაგაშვილი მუშაობს. ჩანთების წარმოების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. საწყისი კაპიტალი თვითდაფინანსების შედეგად თავმოყრილი 400 ლარი იყო:

"გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა მთლიანად ქართული, ამიტომ ეროვნული კულტურის გათვალისწინებით, დეტალებად ავიღეთ ხევსურული ნაქარგობა. ვფიქრობთ, ეს არა მარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ, ტურისტებისთვისაც იქნება საინტერესო, რადგან ტურისტი იმ პროდუქტით უფრო ინტერესდება, რომელიც ადგილობრივ კულტურას ასახავს", - ამბობს იდეის ავტორი თინა ოსაძე.

ბრენდის შემქმნელები თითოეულ დეტალს ხელით ხვეწენ. ხის დასამუშავებლად კი "ფაბლაბში" განთავსებულ ლაზერულ მჭრელს იყენებენ. ამჟამად უკვე 40-მდე ჩანთას ითვლიან და აღნიშნავენ, რომ პირველი პროტოტიპი ამერიკელმა ტურისტმა შეიძინა, რაც დამწყები დიზაინერებისთვის სასიამოვნო და სტიმულისმიმცემი იყო. ამ ეტაპზე ჩანთების ფასები 69 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობს. დაახლოებით ერთ კვირაში ჩანთები აქსესუარების ერთ-ერთ მაღაზიაში გამოჩნდება. მოგვიანებით კი, "პოპულუსის" ჩანთების შეძენა მომხმარებელს სხვა ლოკაციებზეც შეეძლება.

Bros Eyewear. Bros Eyewear -ის სათვალეების წარმოება 2015 წელს ძმებმა დაიწყეს. ამჟამად, პროდუქცია სახელოსნო-სტუდიაში მზადდება. წარმოების პროცესში, ძირითადად, თავად დამფუძნებლები, ძმები - ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან ჩართული. სათვალეები ხელნაკეთია და ძირითადად, ქართული ხის ჯიშებისგან მზადდება.

"აქცენტი ქართული ხის ჯიშებზე კეთდება: კაკალი, ნეკერჩხალი, ბზა, კიდევ რამდენიმე ხეა. ასევე გვაქვს შემოტანილი მასალაც", - ამბობს ირაკლი გამთენაძე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სათვალეები თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება. მალე კი ისინი რამდენიმე მოდის სახლშიც გამოჩნდება. ირაკლი გამთენაძის ინფორმაციით, ამჟამად Bros Eyewear-ს შეკვეთები ესპანეთიდანაც აქვს. ასევე საუბარია სათვალეების შვეიცარიაში გატანაზე.

L Wood.- ხის სათვალეების შექმნაზე მუშაობს ბრენდი L Wood - იც. ბრენდი დიზაინერმა ლევან ლაშქარაშვილმა 5 წლის წინ შექმნა. სახელოსნოში, რომელიც სახლში აქვს. სათვალეებზე ძირითადად, მარტო მუშაობს. ხელნაკეთი სათვალეების შესაქმნელ მასალას დიზაინერი უცხოეთიდან იღებს: "სათვალეების შესაქმნელად საჭირო მასალა უცხოეთიდან ჩამოდის, მინები იტალიურია. ხეები მრავალფეროვანი: აფრიკული კაკალი, ზეთისხილი და სხვა. აბსოლუტურად ყველა მასალა ნატურალურია. ხე კლიენტის სურვილის მიხედვით ირჩევა: თეთრი ხე, წითელი, შავი...", - აღნიშნავს ლევან ლაშქარაშვილი. მისივე თქმით, ზაფხულში თბილისში L Wood -ის მაღაზიის გახსნა იგეგმება.

"ვფიქრობ, ხე ადამიანის ბუნებასთან არის ახლოს. ბავშვობიდან მიტაცებს ხეზე მუშაობა. ხეს უნიკალური თვისებები აქვს: პირველ რიგში, ბუნებრივი, ნატურალურია, სუნთქავს, თბილია. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მსუბუქია. როდესაც ადამიანი სათვალეს ირგებს, ძალიან მნიშვნელოვანია სათვალის პრაქტიკულობა. ხის სათვალე ცხვირს არ ტკენს, შესაბამისად, თავს არ ატკიებს",- ამბობს ლევან ლაშქარაშვილი საკუთარი პროდუქციის დახასიათებისას და დასძენს: "დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში L Wood, როგორც ქართული ბრენდი, რეალურად ჩამოყალიბდეს და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს".

თამარ კორკოტაშვილი