ქართული რძის გამოწვევები - "შემოდგომასა და ზამთარში რძის დეფიციტია" | Allnews.Ge

ქართული რძის გამოწვევები - "შემოდგომასა და ზამთარში რძის დეფიციტია"

საქართველოში რძე და რძის პროდუქტებიც საკმაოდ ძვირი ღირს. თავად რძის რაოდენობა და ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია. ამას გარდა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კატერინა პობერეჟნამ "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" საუბრისას დაადასტურა, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია.

ALLNEWS.GE დაინტერესდა, რა პრობლემები არსებობს საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძის წარმოების კუთხით და რა პერსპექტივები აქვს ქართულ რძეს.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნინო ზამბახიძის თქმით, ამჟამად, ქართული მერძევეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ამ სფეროში არსებული პრობლემები მრავალფეროვანი და კომპლექსურია.

დაბალპროდუქტიული პირუტყვი, საერთაშორისო სტანდარტების დიდი ფერმების არარსებობა, საძოვრის პრობლემა, განათლების დეფიციტი - ეს არის არსებული პრობლემები, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ნინო ზამბახიძის აზრით, ქართული რძის პერსპექტივები გაიზრდება.

"ჩვენ გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით გვაქვს ჭარბრძიანობა, შემოდგომასა და ზამთარში კი, ფაქტობრივად, რძის დეფიციტი ჩნდება. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც ქართული რძის განვითარებას და რძის პროდუქტების წარმოებას ხელს უშლის. სეზონზე არსებული რაოდენობის რძის ათვისება ძალიან რთული ხდება, ბიზნესოპერატორებისა და ფერმერისთვის, შემდეგ კი, შემოდგომასა და ზამთარში რძე არ გვაქვს", - ამბობს ნინო ზამბახიძე და დასძენს, რომ მაღალპროდუქტიული პირუტყვი, რომელიც 25-30 ლიტრს იწველება, საქართველოში ცოტაა. მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ ათამდე ფერმაა, სადაც ასეთი პირუტყვია.

"დღეს ისიც პრობლემაა, რომ დანაწევრებული მიწის ფართობებია და მეცხოველეობას თუ განავითარებ, საჭიროა მასივები, სადაც იქნება პირუტყვის საკვები წარმოებისთვის ხელშეწყობა. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ერთ ძროხას ერთი ჰექტარი მიწა სჭირდება (საძოვარი). ჩვენთან საძოვრის პრობლემაა, დაბალია ჰექტრული მოსავალი, ჩვენ გვჭირდება სიმინდი, ქერი და სხვადასხვა საკვები იმისთვის, რომ კარგი ხარისხის რძე მივიღოთ და პროდუქტიულობაც გავზარდოთ. მეცხოველეობას ისე ვერ განავითარებ, თუ არ განავითარე ერთწლიანი კულტურები ქვეყანაში, იგივე იონჯა იქნება ეს თუ სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ. ასევე განათლების დეფიციტია - ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვუაროთ პირუტყვს. მოშლილი გვაქვს ქვეყანაში ვეტერინარია, არ არსებობენ მაღალკვალიფიციური კადრები, ქვეყანაში დაახლოებით 3 900 სოფელია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა და წარმოიდგინეთ, დაახლოებით მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძლება 200 ვეტერინარი ვერ ნახოთ. ეს ყველაფერი მერძევეობის განვითარებას ხელს უშლის", - ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა რადიო პალიტრის გადაცემა "საქმეში" საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტრო საძოვრების გაუმჯობესების საკითხზე მუშაობს: "საძოვრების სწორი მოხმარება, სწორი ექსპლუატაცია, მისი მწვანე მასის შენარჩუნება, ძოვების პრინციპების დანერგვა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სოფლის საძოვრები დასწრებაზეა და იგი იქამდე მიიყვანეს, რომ ბალახი აღარ ამოდის. ეს პროცესი აუცილებლად სამართავია. ჩვენ ეკონომიკასთან გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია. თუმცა, ვფიქრობ რომ რეგიონები და მუნიციპალიტეტები გარკვეულ მონიტორინგში უნდა დაგვეხმარონ და ჩამოყალიბდეს პრინციპები. მე ეკონომიკას ვთხოვ, არ იყოს დიდი იჯარები იმ ადამიანებზე, ვინც საძოვრებს იღებს, იყოს დიდი ვალდებულებები სწორედ ამის მოხმარების კუთხით".

გოჩა ცოფურიშვილმა რძის პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიცინტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო საკმაოდ დიდი მოცულობის რძეს აწარმოებს: "91% - იანი თვითუზრუნველყოფაა დაფიქსირებული 2014 წელს. რძის ფხვნილი არის შემოსული უკრაინიდან, თურქეთიდან, მაგრამ ჩვენ მაინც საკმაოდ დიდი მოცულობის რძეს ვაწარმოებთ".

ნინო ზამბახიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ რძის წარმოების სფეროს განვითარებაზე მუშაობა რძის პერსპექტივაზე დადებითად აისახება:

"ჯიშთა გაუმჯობესება უნდა მოხდეს. 2017 წლიდან თუ არ ვცდები, ვეტერინარია გახდება რეგულირებადი, კერძო სექტორის ჩართულობა სახელმწიფოსთან ერთად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ქართული რძის წარმოება და პერსპექტივა ამ დარგს ჰქონდეს. ის, რომ ახლა სახელმწიფო აკეთებს ინვენტარიზაციას და გვეცოდინება კერძო სექტორის და სახელმწიფო საკუთრებაში რა მიწის ფართობები არსებობს, ხედვას მაინც გაგვიჩენს, რისი პოტენციალი აქვს ქვეყანას და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ პირუტყვისთვის საჭირო საკვების წარმოება მოხერხდეს. პერსპექტივა არის ის, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს ვაქცინაციას და აქტიურად იმუშავებს თითოეულ ფერმერთან განათლების კუთხით. ის, რომ პირუტყვი ჯანმრთელი უნდა იყოს, ეს მათთვის მნიშვნელოვანია და ამის დამალვა არ შეიძლება. - ამბობს ნინო ზამბახიძე ALLNEWS.GE - სთან საუბრისას.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz