ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები | Allnews.Ge

ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები

ბიზნესის დაწყება რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკვე არაერთი ახალგაზრდა ქართველი მეწარმეა, რომელსაც ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციით თავის დამკვიდრების სერიოზული შანსები აქვთ. გთავაზობთ ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატებულ მაგალითებს.

1. ღვინის წარმოება. 22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. ამჟამად "ილიაუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა.

ბაია აბულაძე: "ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" ბრენდად გადააქციეს".

2. ვაშლის ჩიფსების წარმოება. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება. სტუდენტები უკვე 2 წელია ერთად მუშაობენ და მათი მთავარი მიზანი ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაა. პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

პროექტის ხელმძღვანელი, შალვა მძინარაშვილი: "ყველას აინტერესებს, როგორია ვაშლის ჩიფსი. ბაზარზე დიდი დაინტერესებაა. ყველა გვეკითხება, როდის გამოვა. აქამდე ჩიფსებს მცირე მასშტაბით ვაწარმოებდით. დანადგარი ჩვენ თვითონ ავაწყეთ. უნივერსიტეტმა ფართი გამოგვიყო, სადაც დანადგარის განთავსება შევძელით. ზოგადად, რთულია შექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს და მოგებაზე იმუშავებს, ამიტომ ჩვენ სხვა პროდუქციების განვითარებაზეც ვმუშაობთ. სამომავლოდ, ვაშლის ჩიფსების ექსპორტზე გატანასაც არ გამოვრიცხავთ."

 

3. სოკოს წარმოება. სოფელთან ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით დაწყებული სოკოს წარმოება თელავში, სოფელ კურდღელაურში 2 წლის წინ დაიწყო. ამ ყველაფრის სათავეში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მელანო დადალაური დგას. იყო ჩავარდნებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ დღეს სოკოს წარმოება ვითარდება და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე - თელავში იყიდება. ცოტა ხნის წინ მელანო დადალაური საერთაშორისო გლობალური გაერთიანების "ახალგაზრდა პროფესიონალები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" YPARD წევრი გახდა. YPARD აერთიანებს ახალგაზრდა ფერმერებს, მკვლევარებს, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებს, აგრომეწარმეებს და ა.შ. მსოფლიოს მაშტაბით. მელანო აქტიურად ეწევა სოკოს პოპულარიზაციას, რაშიც სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" გვერდი ეხმარება.

მელანო დადალაური: "მშობლები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა სასურველია, შემდეგ ისინი სოფლებში თუ არ დაბრუნდებიან, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ რეგიონულ განვითარებაში".

 

3. ხის ხელნაკეთი სათვალეები. ხის სათვალეების შექმნის იდეა ლევან ლაშქარაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იდეისთვის ხორცშესხმა და ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო და პირველი ნიმუშები შექმნა. ასე გაჩნდა L Wood. სახელოსნოს მოწყობაზე თავად იზრუნა. სახელოსნოში, რომელიც სახლში აქვს, ძირითადად მარტო მუშაობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარეებიც ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, არასდროს უცდია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ან ფონდებიდან ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება. ამ ეტაპზე ლევან ლაშქარაშვილი საგაზაფხულო კოლექციაზე მუშაობს. ზაფხულში კი თბილისში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

ლევან ლაშქარაშვილი: "ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ, ძალიან წინ წავალთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში L Wood, როგორც ქართული ბრენდი, რეალურად ჩამოყალიბდეს და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება გაფართოვებას, ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული."

 

4. ჩანთების წარმოება. ქეთი უბილავასა და ნათია მგელაძეს ჩანთების წარმოების იდეა რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. გოგონებმა ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი ჩანთებს ახალი, ინოვაციური - ნათების ფუნქცია დაემატა. სამომავლო პერსპექტივაში სტარტაპის ავტორები მამაკაცების სეგმენტის ათვისებასაც გეგმავენ. სტუდენტი გოგონები ჩანთებს "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ლაბორატორია FabLab-ში ამზადებენ, პარალელურად აქტიურად იყენებენ ტექნოპარკის სივრცესაც.

ქეთი უბილავა: "ვფიქრობ, თავიდან მთავარია იდეა, კარგი იდეა კი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგად გარდაიქმნება პროდუქტად, რომელიც უნდა შეიყვარო და გაითავისო, ამის შემდეგ კი თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო წარმატების მისაღწევად".

ნათია მგელაძე: "ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ინიციატივა, ლიდერობა და საკუთარი თავის რწმენა, რადგან არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები. ყოველთვის მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ვცდილობ, ვიზრუნო თვითგანვითარებაზე".

თამარ კორკოტაშვილი

 

myquiz