ევ­რო­პის ბა­ზა­რი ქარ­თუ­ლი მაყ­ვ­ლის გა­ნუ­საზღ­ვ­რელ რა­ო­დე­ნო­ბას ითხოვს | Allnews.Ge

ევ­რო­პის ბა­ზა­რი ქარ­თუ­ლი მაყ­ვ­ლის გა­ნუ­საზღ­ვ­რელ რა­ო­დე­ნო­ბას ითხოვს

იზოლდი ქიტესაშვილი 1978 წლიდან ექიმ-ნევროლოგად მუშაობს. ნევროლოგიის განყოფილების გამგემ და რაიონის მთავარმა ნევროლოგმა სულ ახლახან გადაწყვიტა, პროფესიული მოვალეობა მომავალ თაობას გადააბაროს და საკუთარი დრო და ენერგია მთლიანად მეხილეობის ბიზნესის განვითარებას დაუთმოს... კახეთში 15 ჰექტარზე გაშენებული სხვადასხვა სახეობის ხილს რამდენიმე წლის წინ მაყვლის ბუჩქები შეემატა, რამაც ოჯახის სამრეწველო ბიზნესს განსაკუთრებული სარგებელი მოუტანა და საკმაოდ სოლიდური გეგმების დასახვის საშუალებაც მისცა... რა პერსპექტივა აქვს ამ კენკროვან კულტურას ხილის წარმოების ბიზნესში და სარგებლობს თუ არა განსაკუთრებული მოთხოვნით ევროპის ბაზარზე - ქალბატონი იზოლდი საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და "ბიზნესსამრეწველო მოლოდინის" შესახებ...

- 20 წელზე მეტია, ოჯახის ყველა წევრი სამრეწველო დანიშნულებით ხილის წარმოებით ვართ დაკავებული. გარგარი, ატამი, ქლიავი, ყურძენი - ამ კულტურებს სულ რამდენიმე წელია, მაყვალი შეემატა. 2008 წლიდან გაეროს პროგრამით კაჭრეთში გახსნილი ექსტენციის ცენტრის აქტიური წევრი გახლდით. კონსულტაციებს მეხილეობის დარგში ვიღებდი. სწორედ ამ ცენტრში მოგვცეს მაყვლის ნერგები. თავდაპირველად, მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის, 30 ნერგი დავრგეთ. მესამე წელს მოსავლის რაოდენობა საოჯახო მოხმარებას გასცდა და საცდელად გურჯაანის აგრარულ ბაზარზე გავიტანეთ. მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. მალე რეალიზატორები სახლში გვაკითხავდნენ. მოთხოვნის არსებობის გამო ნელ-ნელა მეურნეობა გავაფართოეთ და წელს უკვე 20 ტონა მაყვლის მოსავალს 3 ჰექტარზე ველოდებით. ჯამში სხვადასხვა სახეობის ხილი 15 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. არის წელი, როდესაც კონკრეტული კულტურის მოსავალი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან მცირეა. დაახლოებით, ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გარგარი გვაქვს გაშენებული. შარშან თითქმის სულ გაიყინა, მხოლოდ 300 კილო დავკრიფეთ. მარტო ეს კულტურა რომ მქონოდა, სამუდამოდ გავკოტრდებოდი... ასე რომ, რამდენიმე სახეობის ხილის მოვლა ამ მხრივ ხარჯებს ანაზღაურებს...

- ალბათ, სეზონზე მუშახელი გჭირდებათ...

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები აქტიურად ვართ ჩართული ნებისმიერი სახის სამუშაოში, საჭიროების მიხედვით, სეზონურად, დაახლოებით, 20-30 ადამიანს ვასაქმებთ.

- ხილის გადამამუშავებელი საწარმოც გაქვთ?

- წლების გამოცდილებამ მისი საჭიროება ნათლად დაგვანახვა. მოსავლის აღების შემდეგ დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის ხილის ბაღიდან გამოტანა და გადაყრა გვიხდებოდა. მისი ბაღში დატოვება არ შეიძლება, დაავადებების გავრცელებას იწვევს. გატანა კი, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. უდანაკარგობის მაჩვენებლის ზრდისთვის ხილის საშრობის გაკეთების იდეა გაჩნდა. უმაღლესი ხარისხის პროდუქტის რეალიზების შემდეგ სოლიდური რაოდენობით გვრჩება ატამი, ქლიავი, ხურმა, რომელიც ბაზარზე ძალიან დაბალ ფასად იყიდება. არადა, მისი გაშრობით, შესაძლებელია, უდანაკარგო წარმოება გქონდეს. 2014 წლის ბოლოს USAID-ის გამოცხადებულ კონკურსში ჩვენმა კოოპერატივმა 47.000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო. სწორედ ამ თანხით ვაშენებთ ადგილზე ხილის გადამმუშავებელ და საშრობ ქარხანას, რომელიც უკვე ივლისისთვის მწყობრში იქნება. შენობა უკვე გადახურულია და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, გვექნება ორი სამაცივრე,Oორი საშრობი, გამრეცხი, ორი დამხარისხებელი, საფცქვნელი, საჭრელი, საინსპექციო მაგიდა და სახარში ქვაბი. ზოგიერთ კულტურას, მაგალითად, ლეღვს, შრობისას თერმული დამუშავება სჭირდება, რომ უფრო რბილი და ნაზი გახდეს, ძალიან არ გამოშრეს.

- მაყვალი ადგილობრივებსაც აქვთ გაშენებული?

- მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის, სამრეწველო დანიშნულებით - არა. ადგილობრივად რეალიზების გარდა მაყვალს უდიდესი პერსპექტივა აქვს ევროპის ბაზარზე გატანის თვალსაზრისით. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მათ დიდი რაოდენობით პროდუქტის რეგულარულად გატანა სურთ. როცა დამიკავშირდნენ, აღმოჩნდა, რომ მაყვლის დიდი რაოდენობის შესყიდვა სურდათ. ამის შესახებ ვუთხარი იმ ადამიანებს, ვისაც მაყვლის ნერგები ჩვენი სანერგე მეურნეობიდან ჰქონდათ წაღებული და მათი მოსავალიც სრულად წაიღეს. მაგრამ ამ რაოდენობის მაყვლის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში სურთ, მაგალითად, ყოველ მეორე დღეს მინიმუმ 5 ტონა. ფასზე საერთოდ არ საუბრობენ, მაგრამ ეს რაოდენობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ გვაქვს. სწორედ ამის გამო, დაინტერესებული ვარ მაყვალი სხვებმაც გააშენონ, საკუთარი სანერგე მეურნეობიდან ნერგებს გავცემ, ვასწავლი მის სწორად დარგვასა და მოვლას. სანერგეში მაყვლის 70 000 ნერგი მაქვს. 20 000-ის რეალიზაცია უკვე მოხდა. ამის მიხედვით ვიცი, რომ 8-10 ჰექტრამდე მაყვალი გაშენდება მარნეულში, წყალტუბოსა და ჩვენს რეგიონში. წელს გრანტის წყალობით სამაცივრე დანადგარები და 2-ტონიანი მანქანა-მაცივრები გვექნება. მინდორში დაკრეფილი მაყვალი მზეზე არ გაჩერდება, პირდაპირ მაცივარში აღმოჩნდება, შესაბამისად, ხარისხს არ დაკარგავს. მერწმუნეთ, სულ რამდენიმე წელში ეს ისეთი წამყვანი დარგი გახდება, რომ ფერმერი აღარ იქნება დამოკიდებული სახელმწიფო სუბსიდიებზე. გასულ წელს მაყვლის ჩაბარების ფასი მინიმუმ 4 ლარი იყო.

- მისი გაშენება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული?

- იმავე რაოდენობის თანხაა საჭირო, რაც ვენახის გაშენებისთვის, თუმცა, ვენახთან შედარებით, მაყვლის მოვლა ბევრად მარტივია.

- მაყვლის გადამუშავებას წვენის ან მურაბის სახით ხომ არ აპირებთ?

- წვენსა და მურაბას ცალკე ტექნოლოგია სჭირდება, დიდ ფინანსებთან და სანიტარიული ნორმების დაცვასთანაა დაკავშირებული, ამას კი ამ ეტაპზე ვერც ფიზიკურად და ვერც მატერიალურად ვერ შევძლებთ. თუმცა, თანდათან მცირე რაოდენობის წარმოება მაინც უნდა დავიწყოთ, დეგუსტაციის მიზნით. მაყვლის წვენს შეუდარებელი გემო აქვს. გარდა ამისა, ის დაფასოებულ წვენებშიც არ მინახავს. უგემრიელესია მაყვლის მურაბაც და მათ ორივეს სამომავლოდ აუცილებლად ვაწარმოებ. ერთხელ, უცხოელი სტუმრები მყავდა. ნაყინზე მაყვლის მურაბა მოვასხი და ასე მივართვი. ორ დღეში დამიკავშირდენენ, მურაბა ხომ არა გაქვთო? სარდაფში ერთი ქილა აღმოვაჩინე. შესამოწმებლად ინგლისში გაგზავნეს. საერთოდ, მაყვალი შეწამვლას არ საჭიროებს და შესაბამისად, მასში არანაირი მავნე ნივთიერება არ აღმოჩნდა. მურაბის დამზადება და საზღვარგარეთ გატანა შემომთავაზეს, მაგრამ მურაბას, ჯერჯერობით, მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის ვამზადებ. დამიკავშირდნენ ბავშვთა კვების ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ქსელიდან, სურთ ბავშვთა კვებაში ჩასართავად გამომშრალი მაყვალი მივაწოდო.

- გარდა ხილისა, ბოსტნეულსაც ხომ არ ახარებთ?

- ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში 5.000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ, რითაც სათბურის გაკეთებას ვაპირებთ. კარკასი უკვე აგებულია. ეს მიმართულებაც, საქართველოში ნულის დონეზეა, ჩითილს მხოლოდ საოჯახო მეურნეობისთვის აწარმოებენ, არ გვაქვს ხარისხიანი ბოსტნეულის ჩითილის გამოყვანაზე ორიენტირებული მეურნეობები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

- განათლებით თუ ხართ დაკავშირებული იმ საქმესთან, რომელსაც ემსახურებით?

- პროფესიით ექიმი-ნევროლოგი ვარ. 1978 წლიდან საავადმყოფოში ვმუშაობ. გახლდით ნევროლოგიის განყოფილების გამგე, რაიონის მთავარი ნევროლოგი. მეუღლე ტრესტის მთავარი ინჟინერი იყო. როცა ყველა სამშენებლო ობიექტი დაიხურა და უმუშევარი დარჩა, სოფლის მეურნეობაში უფრო ინტენსიურად ჩავერთეთ. ძალიან რთულად, მაგრამ ახლახან მაინც მივიღე გადაწყვეტილება და მარტიდან სამსახურში აღარ გავალ. სჯობს, გზა ახალგაზრდებს დავუთმო და მე ჩემი ბიზნესი განვავითარო. მართლაც ძალიან ბევრი საქმეა და თუ ის თავად არ აკონტროლე, საჭირო ხარისხს ვერ მიიღებ.

- მოსავალი რომელ ქვეყნებში გაგაქვთ?

- 2014 წელს ჩვენი მოსავლის 60% სომხეთში გავიდა. შარშან აგრარულ ბაზარს ქსელური მაღაზიები დაემატა. ხილის რეალიზების პრობლემა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამაში კი დიდი წვლილი სახელმწიფო სტრუქტურებს მიუძღვით.

- ანუ მანამდე ამის პრობლემა არსებობდა?

- თანაც, ძალიან მრავალმხრივი. მსხვილი რეალიზატორები საერთოდ არ შემოდიოდნენ. ახლა კი სეზონზე 10-ტონიანი მანქანა-მაცივრები ჩამოდგება, გაივსება და აზერბაიჯანის გავლით რუსეთში მიდის. წელს ყაზახეთსა და რუსეთში გამავალი მანქანები ვერ იტვირთებოდნენ, პროდუქტი არ ჰყოფნიდათ. წაიღეს ატამი და საცდელად - მაყვალი. პრობლემა აქაც დიდი რაოდენობა და რეგულარული მიწოდებაა.

- დამწყებებს თუ ურჩევთ იმავეს გაკეთებას და თუ უწევთ მაყვლის დარგვის მსურველებს კონსულტაციას?

- როგორც გითხარით, თავად ვარ დაინტერესებული რაც შეიძლება ბევრმა დარგოს და ახაროს მაყვალი. მათ სრულ ინფორმაციას ვაწვდი. მაყვლის გაშენებისა და მოვლის ყველა დეტალი გადაღებული, ჩაწერილი მაქვს.

შორენა ლაბაძე

European market needs indefinite amount of Georgian blackberries

 

myquiz