როდის არის საუკეთესო პერიოდი უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად | Allnews.Ge

როდის არის საუკეთესო პერიოდი უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად

ვალუტის კურსის ცვლილებამ, ფულადი გზავნილების შემცირებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც უძრავი ქონების ბაზართან უშუალო კავშირშია, აღნიშნული ბაზრის მოთამაშეები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ დავინტერესდით, რა პრობლემებია დღეს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე და როდის არის ხელსაყრელი უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი მაღალია, ეს პირველ რიგში უძრავ ქონებაზე აისახება.

"უძრავი ქონება ყოველთვის ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასეთ დროს უძრავ ქონებაზე ფასები გაცილებით სწრაფად ეცემა, ვიდრე რაიმე სხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ამიტომ უძრავი ქონება ყოველთვის ე.წ. ტესტს წარმოადგენს ხოლმე, თუ რა ხდება ეკონომიკაში", - აღნიშნავს აკაკი ცომაია და ამ მიმართულებით ფულის დაბანდების მსურველებს რჩევას აძლევს:

"თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, დღეს ნამდვილად არ არის სასურველი უძრავ ქონებაში მოხდეს კაპიტალის დაბანდება. აქ კაპიტალის დაბანდება ხდება მაშინ, როდესაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის წინაპირობები", - ამბობს აკაკი ცომაია.

მისივე თქმით, არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ ბაზარში აქტივების დაბანდება მხოლოდ მათთვისაა ხელსაყრელი, ვისაც ლიკვიდური აქტივები აქვს: "თუ ვიღაცას აქვს ფულადი რესურსები, სურს, უბრალოდ, გაყინოს ისინი და შეისყიდოს უძრავი აქტივი, რომელიც დაელოდება პერიოდს, როდესაც ქონება გაძვირდება, მაშინ, დაბანდება შესაძლებელია".

ეკონომისტის თქმით, როდის გამოსწორდება ეკონომიკური სიტუაცია და შესაბამისად, როდის დადგება უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებისთვის შესაფერისი პერიოდი, ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება რთულია:

"სამწუხარო ის არის, რომ ისევე, როგორც ვერ გამოიცნობ ლარი სადამდე გაუფასურდება და რა ნიშნულებამდე მივა, ასევე შეუძლებელია დაადგინო, როდიდან დაიწყება ეკონომიკური ზრდის პროცესი", - აღნიშნავს ეკონომისტი.

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მას შემდეგ შემცირდა, რაც ლარმა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო. როგორც უძრავი ქონების სააგენტო "ქოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიაში" აღნიშნავენ, 2015 წელს გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27,669 ერთეული შეადგინა, რაც 7%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მხოლოდ 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

"აღსანიშნავია, რომ ამას ხელი შეუწყო დეველოპერების სწრაფმა რეაგირებამ, რაც გამოიხატებოდა გასაყიდი ფასების შემცირებასა და აქტიურ მარკეტინგულ შეთავაზებებში. რაც შეეხება მიწოდებას, ამ კუთხით კლება არ შეინიშნება, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი აქტიური განვითარების ეტაპზეა", - აღნიშნავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ზოგადად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი წლის დასაწყისში დაბალი აქტივობით ხასიათდება. მეორე კვარტლიდან ეტაპობრივად იმატებს მოთხოვნა და წლის ბოლო პერიოდისთვის მაქსიმუმს აღწევს.

თამარ კორკოტაშვილი

 

myquiz