29.01.2016 / 17:15
შრიფტის ზომა:

ქართული ხურმის ჩირი ნიდერლანდების ბაზარზე

ნიდერლანდების ბაზარზე ქართული ხურმის ჩირი თითქმის სამი კვირაა იყიდება. როგორც კომპანია GeoFood-ის დამფუძნებელმა გიორგი კოჭლამაზიშვილმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ნიდერლანდებში უკვე 2 ტონა ხურმის ჩირი გაიტანა.

 

მისი თქმით, ერთი კილოგრამი ჩირის ფასი, 7-დან 8 ევრომდე მერყეობს. თუმცა, ჯერ ნიდერლანდებში ხურმის ჩირს არ იცნობენ, ამიტომ, ექსპორტირებული პროდუქტის დიდი ნაწილი სინჯებზე იხარჯება.

"მოგეხსენებათ, ხარჯები ძალიან დიდია - როგორც ტრანსპორტირების, ასევე საბაზრო გადასახადის. იმ ორი ტონიდან, რომელიც ჰოლანდიაში გავიტანეთ, ბევრი სინჯებში მიდის, რადგან ამ პროდუქტს არ იცნობენ. ალბათ, მომავალი წლიდან შეიძლება მოგებაზე ვიფიქროთ, ამიტომ აუცილებელია საქართველოდან ხარისხიანი პროდუქტი წამოვიდეს, რაც დღემდე დიდი პრობლემაა", - აღნიშნავს გიორგი კოჭლამაზიშვილი.

კომპანია GeoFood ერთი წლის წინ დაარსდა და ამ ეტაპზე ხურმის ჩირის ნიდერლანდებში ექსპორტით არის დაკავებული. თუმცა, სამომავლოდ, საქართველოდან სხვა პროდუქტების გატანასაც გეგმავს.

"ევროპაში ფეხის მოკიდება არც თუ ისე იოლია, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. მთავარია, ქართველმა პარტნიორებმა შემიწყონ ხელი ხარისხიანი პროდუქტის თვალსაზრისით. ამჟამად მარტვილის რაიონში, გლეხებისგან ავიღეთ ხურმის ჩირი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან უხარისხო პროდუქტი იყო. სამომავლოდ, იმ გლეხებთან გვექნება კონტაქტი, რომლების პროდუქტიც ევროპულ ნორმებს დააკმაყოფილებს" , - აღნიშნავს გიორგი კოჭლამაზიშვილი.


  • ტეგები